მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის პენეტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალის შემდეგ, მედიკამენტების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე უარი თქვა.

ექიმის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევას და საკითხის გადაწყვეტას.

„უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ყველა წამლის მიღებაზე, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი ყოველ საათში უარესდება. ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ, მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ნიკოლოზ ყიფშიძემ უპასუხა: „სიკვდილი“.

„საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე. ის იღებდა წამლებს, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა, თუმცა, გუშინ ტელევიზიებში გავრცელებული კადრების შემდეგ უარი თქვა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილი: ვიცოდი, რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს