სალომე სამადაშვილი: 7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო, მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში

7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო. ვიტყოდი, რომ დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდა , - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, იმ პერიოდში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

„შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის მოვლენებს მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სხვათა შორის, რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სააკაშვილმა დატოვა საკუთარი პოსტი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამაზე უფრო მწვავე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მომხდარზე რთულად წარმომიდგენია.

შესაბამისად, დიახ, ნამდვილად იყო შეცდომა, ნამდვილად იყო მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაბამისად უპასუხა, განსხვავებით 20 ივნისისგან, როდესაც 20 ივნისის ძალადობის მთავარი ავტორი, ბატონი გახარია რამდენიმე კვირაში პრემიერ-მინისტრად დანიშნეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, 2007 წლის 3 ნოემბერს აქცია ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით დაიწყო.

2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დაიწყო. სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორები" მოეწყო.

აქცია დაშალეს ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.

დღის ბოლოს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმი შევიდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.