აშშ-ის საელჩო: სამხედრო ხომალდების, მათ შორის სარაკეტო გამანადგურებელ „პორტერის” ვიზიტი რეგიონში საქართველოს მტკიცე პარტნიორობას ადასტურებს

„ბლუ რიჯის” კლასის სამეთაურო და მართვის ხომალდი „მაუნთ უიტნის (LCC 20)” და „არლი ბურკის” კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდის „პორტერის” ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას NATO-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის.

ამის შესახებ ამერიკის საელჩო აცხადებს. მისივე განცხადებით, საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.

წინა პერიოდში, 2021 წლის თებერვალში აშშ-ის ხომალდმა, „დონალდ ქუქმა (DDG 75)” განახორციელა ვიზიტი ბათუმის პორტში. 2021 წლის მაისში „ლეჯენდ” კლასის სანაპირო დაცვის ხომალდი „ჰამილტონი (WMSL-753)” ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ურთიერთთავსებადობის წვრთნების დასრულების შემდგომაც შეჩერდა.

„მაუნტ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით“.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების პირადი შემადგენლობა „მაუნთ უიტნიზე” იმყოფება და ერთიან გუნდად მოქმედებს, სარდლობებს შორის თავსებადობა და მათი ყოფნა ამ რეგიონში კი, წარმოაჩენს აშშ-NATO-ს ერთგულებას შავი ზღვის რეგიონისადმი და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

ცნობისთვის, „ქასლ ფორჯი” შავ ზღვაში დინამიკური, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს და კრიზისულ პერიოდში მოქნილი და დამაიმედებელი ძალების ყოლით გაერთიანებული ძალების რეაგირების ერთობლივ უნარს წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან ერთად ორივე გემმა მონაწილეობა მიიღო გემის ორმხრივი მანევრირების წვრთნებში, კომუნიკაციის შემოწმებასა და სიმულაციურ სავარჯიშოებში და საქართველოს სანაპირო დაცვის თანხლებით შემოვიდა ბათუმში.

„ეს მანევრირება, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შესრულდა, ხაზს უსვამს ყველა მონაწილე ქვეყნის პროფესიონალიზმსა და მარჯვე ნაოსნობას. აშშ-ის საზღვაო ძალები, ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის ერთგულია“, - იუწყება აშშ-ის საელჩო.

აშშ-ის ხომალდი „მაუნთ უიტნი” ბაზირებულია გაეტაში, იტალიაში და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად ევროპასა და აფრიკაში ოპერირებს მეექვსე ფლოტის გაერთიენებული ეკიპაჟით, რომელიც შედგება მეზღვაურებისა და საზღვაო გადაადგილების სარდლობის სამოქალაქო წევრებისგან.

NATO-ს საზღვაო დამრტყმელი და დამხმარე ძალები (STRIKFORNATO), რომლის სათავო ოფისიც ოეირასში, პორტუგალიაშია განთავსებული წარმოადგენს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობის მთავარ, სწრაფად დისლოცირებად და მოქნილ საზღვაო ძალების შტაბს, რომელსაც შეუძლია სრული სპექტრის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, უმთავრესად აშშ-ის საზღვაო და ამფიბიური ძალების გაერთიანებით, ალიანსის მიერ შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

მეექვსე ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, იტალიაში ახორციელებს სრული სპექტრის ერთობლივ და საზღვაო ოპერაციებს, ხშირად მოკავშირე და უწყებათშორის პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და ევროპასა და აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.