NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების სარდლის მოადგილე: საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს

„საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და NATO-ს ღირებული პარტნიორია“, – განაცხადა NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების (STRIKFORNATO) სარდლის მოადგილემ, ზურგის ადმირალმა ჯეიმს მორლიმ ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდების შემოსვლის შემდეგ.

როგორც ცნობილია, „ბლუ რიჯის” კლასის სამეთაურო და მართვის ხომალდი „მაუნთ უიტნი (LCC 20)” და „არლი ბურკის” კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „პორტერი” 2021 წლის 8 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილი საპორტო ვიზიტის ფარგლებში შემოვიდა.

„ჩვენ მოუთმენლად ველით NATO-სა და ჩვენ ქართველ კოლეგებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ბათუმში“, - აღნიშნა ჯეიმს მორლიმ.

NATO-ს საზღვაო დამრტყმელი და დამხმარე ძალები (STRIKFORNATO), რომლის სათავო ოფისიც ოეირასში, პორტუგალიაშია განთავსებული წარმოადგენს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობის მთავარ, სწრაფად დისლოცირებად და მოქნილ საზღვაო ძალების შტაბს, რომელსაც შეუძლია სრული სპექტრის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, უმთავრესად აშშ-ის საზღვაო და ამფიბიური ძალების გაერთიანებით, ალიანსის მიერ შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

მეექვსე ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, იტალიაში ახორციელებს სრული სპექტრის ერთობლივ და საზღვაო ოპერაციებს, ხშირად მოკავშირე და უწყებათშორის პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და ევროპასა და აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.

ცნობისთვის, ბათუმში შემოსვლამდე „მაუნთ უიტნიმ” და „პორტერმა” ევროპისა და აფრიკის აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ მართულ ოპერაცია „ქასლ ფორჯში” მონაწილეობით ერთობლივი ოპერაციების ძალა წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან ერთად ორივე გემმა მონაწილეობა მიიღო გემის ორმხრივი მანევრირების წვრთნებში, კომუნიკაციის შემოწმებასა და სიმულაციურ სავარჯიშოებში და საქართველოს სანაპირო დაცვის თანხლებით შემოვიდა ბათუმში.

ამავე თემაზე:

ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა