საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი შეფასება, მე ვიყავი საპყრობილეში და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეს არის ფიზიკურად პატარა ნამცეცი, სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო," - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მან სააკაშვილის შიმშილობას მარხვა უწოდა.
"რატომ ვთვლი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. მასზე ხშირად ამბობენ, მოინანიოს, შეინანოს. მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება და არ არის "ნიანგის ცრემლები" - მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ საპყრობილიდან ადამიანმა თავი დაიხსნას... 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ და არასოდეს არავის მოუცია შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე. პოლიტიკოსებისთვის ეს იყო შიმშილობა, ჩემთვის ეს იყო მარხვა", - განაცხადა მეუფემ.