პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. ეს მექანიზმი უკვე მოქმედებს ევროპის რიგ ქვეყნებში და ამერიკის ბევრ შტატში. რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, ამასთან დაკავშირებით, Europetime დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ.
მაგალითად, ადამიანს მწვანე სტატუსი სამი ძირითადი პრინციპის საფუძველზე აქვს: თუ ის ვაქცინირებულია სრულად; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი; ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
სად იმოქმედებს მწვანე პასპორტი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; ეს მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
ასევე დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის პირველ იანვრამდე ჩაიტარებს; დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
ამასთან, მთავრობის განცხადებით, კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.
უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 755 046 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 693 129 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 10 509 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 46 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 302 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 916 პირი.