ამირან გამყრელიძე: "კოვიდ პასპორტში" დაფიქსირდება ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კოვიდ პასპორტში" დაფიქსირდება ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია და გადატანილი აქვს COVID19 უფრო დაცულია.

„ამ ეტაპზე საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ "კოვიდ პასპორტში" დაფიქსირებულიყო ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილებაა მიღებული..

მედიცინაში 100 %-იანი არაფერი არის, აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია, თუ მას გადატანილი აქვს დაავადება, მიუხედავად იმისა, როდის არის აცრილი, უფრო მეტად დაცულია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.