"საქართველოში სულ უფრო იკლებს COVID19-ის ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიჩნეული პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 75% იყო, გაზაფხულისთვის დაახლოებით 45%-მდე შემცირდა, დღეს კი 40%-ზე ნაკლებია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში 35%-მდე შემცირდა დამცავი ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი.
"35%-ზეა ჩამოსული, რაზე უნდა ვილაპარაკო, პირბადის ტარების მაჩვენებელი. მიუხედავად ყოველდღიური მოწოდებისა, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობისადმი, რომ ბატონო, ვატაროთ პირბადე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, მაინც უგულებელყოფილია ყველაფერი ეს და სამწუხაროდ, გვაქვს ის, რაც გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.