შეიცავს თუ არა რისკებს გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილებს „მწვანე სტატუსის“ მისაღებად 6-თვიანი შეზღუდვა არ დაუწესდებათ, ამ შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ უპასუხა.
მისი განმარტებით, არსებული ზომა, 12 თვე უფრო მეტად რისკის შემცველია, თუმცა ვიდრე რეინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, საბჭო შეჯერდა იმაზე, რომ დავუშვათ ნებისმიერი კოვიდგადატანილი, ანუ 12-თვიანი ინტერვალი ამ შემთხვევაში.
კოვიდგადატანილის რეინფიცირების შემთხვევაში, არის თუ არა საფრთხე, რომ 12-თვიანმა ინტერვალმა ხელი შეუშალოს „მწვანე პასპორტის“ კონფეფციის მიზნებს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ვაქცინაციისთვის დათქმული ვადა ისედაც 6 თვეა“.
„ჩვენ ვაქცინაციის მიზნებისთვის დათქმული გვაქვს უფრო ნაკლები ვადა ისედაც, ვიდრე 6 თვეა. ინფექციის გადატანიდან, 28 დღეა განსაზღვრული, რომ იმუნიტეტი უფრო მყარი იყოს და მეტად დაცულები ვიყოთ. რაც შეეხება კოვიდპასპორტს, მიზანია, რომ ეპიდუსაფრთხოება გაიზარდოს და მოხდეს წახალისება იმ მოსახლეობის, რომელიც პოტენციური მომხმარებელი შეიძლება, იყოს ამა თუ იმ ბიზნეს და სოციალურ-გასართობი გარემოსი, რაშიც სჭირდება „მწვანე საშვი“ და ამისთვის მიიღოს გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მეცნიერულ დასკვნებს თუ დავეყრდნობით, უმრავლეს შემთხვევაში კარგი იმუნიტეტი ნარჩუნდება 6 თვე.
„რა თქმა უნდა, 12 თვე უფრო მეტად რისკის შემცველია, თუმცა ვიდრე რეინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, საბჭო შეჯერდა იმაზე, რომ დავუშვათ ნებისმიერი კოვიდგადატანილი, ანუ 12-თვიანი ინტერვალი ამ შემთხვევაში. შემდეგ უკვე თავად ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იმუნიტეტი სუსტდება და ამ საკითხის პრომოციას გავაგრძელებთ, რომ რეკომენდებულია აცრა ინფექციის გადატანიდან 6 თვის შემდეგ, თუმცა მწვანე საშვის მიზნებისთვის, ეპიდუსაფრთხოების კუთხით, დასაშვებია, რომ ეს იყოს შედარებით ხანრგძლივი პერიოდი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ „კოვიდ პასპორტში“ დაფიქსირებულიყო ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი.
„მედიცინაში 100 %-იანი არაფერი არის, აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია, თუ მას გადატანილი აქვს დაავადება, მიუხედავად იმისა, როდის არის აცრილი, უფრო მეტად დაცულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, როგორც დღეს პრემიერმა განაცხადა, იყო მოსაზრება, რომ კოვიგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ მისი რეკომენდაცია, მოხსნილიყო ეს შეზღუდვა, საბჭომ გაიზიარა.
„განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კოვიგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე:
პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება
რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება