„მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა

„მწვანე პასპორტებზე“ რეგულაცია გაფართოვდა და შესაბამისად, აქამდეც მოქმედებდა სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით - Covidpass.moh.gov.ge; უახლოეს მომავალში კი ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენი სტატუსი მუდმივად თან ვატაროთ სმარტფონების მეშვეობით.

ამასთან, ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს კოვიდტესტს და აცრას. მისი თქმით, საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.

„იქ ამობეჭდილი ცნობები, რომელზეც დატანილია QR კოდი, ვალიდურია. ასევე ეს არის იუსტიციის სახლი. ასევე სპეციალური აპლიკაცია იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება, ის ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე უკვე გაცხადებული ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

„იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს. ასევე, სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის მეშვეობით. დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. პირველ დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და იქნება საშუალება იმისა, რომ ყველა დეტალი გავიაროთ ყველასთან და შესაბამისად, პირველი დეკემბრიდან აღნიშნული ე.წ. „მწვანე პასპორტის“ სტატუსი გაფართოვდება და უფრო ვრცლად იმუშავებს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, პირველი დეკემბრიდან გაფართოვდება ე.წ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და მისი მოქმედების არეალი.

„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 გადაცილებლებისთვის.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ დაიშვებიან შემდეგ დაწესებულებებში: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, ღია და დახურული სივრცეები ამ ობიექტების, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, 18 წლიდან იმოქმედებს ეს რეგულაცია“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.