ადვოკატი: განგვიმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ ხდება

"გვქონდა კომუნიკაცია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან და მათ განგვიმარტეს, რომ არ ხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა", - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც საძაგლიშვილი ამბობს, მათთვის ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

„ჩვენ მოთხოვნილიც გვქონდა და ბუნებრივია, ადამიანის გადაყვანა ჰოსპიტალში უნდა მოხდეს ისე, რომ ოჯახის წევრებს, ადვოკატებს და პირად ექიმს ჰქონდეთ აღნიშნულზე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან და მათ განგვიმარტეს, რომ არ ხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ. თუმცა, ცხადია, ჩვენც ვადევნებთ თვალს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ძალიან უხეში დარღვევაა უფლებების, როდესაც მოშიმშილე პრეზიდენტი გადაყავთ ისე, რომ არ გვატყობინებენ, სად მოხდეს მისი გადაყვანა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ისეთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა კონსილიუმის მიერ დადგენილი პირობები“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, მის კლინიკაში მზად არიან ნებისმიერი პაციენტი მიიღონ, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.