იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული მე-18 დაწესებულებაში, მან მიაყენა როგორც ფიზიკური, ასევ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე.

ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობენ, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა და შესაბამისად, გაიზარდა რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო.

„ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე შესაბამისად იზრუნებს სამედიცინო პერსონალი. მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე მე-12 დაწესებულებაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს გადაწყდა მისი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველამ ერთობლივად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი მოხდებოდა პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, ამ შემთხვევაში გამოჩნდებოდა ჯგუფი, რომელიც შეეცდებოდა გზების ჩახერგვასა და ხელის შეშლას“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.