ადვოკატი ბექა ბასილაია სააკაშვილის გადაყვანაზე: ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს. ბექა ბასილაიამ უპასუხა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ „ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა“.

ადვოკატის თქმით, ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი.

„რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, ვის წარმოუდგენია და სჯერა, როცა წაქეზებული პატიმრები იქცევიან ასე, ხვალ და ზეგ იქ რა მოხდება? იქ მოხდება უბედურება, თუ ქართველი ხალხი ხმას არ ამოიღებს. ისინი გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის თავს ძალიან დიდი უბედურების დატეხას“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი გლდანში.

„სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ არ გადავიდოდა მე-18 დაწესებულებაში. ამ დაწესებულებაში მის გადაყვანას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მიხეილ სააკაშვილი მოექცეს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რაც ყოველ წამს გვესმის იქ მყოფ ადამიანებს.

რაც შეეხება ბრეგაძის განცხადებას, ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა. მათ უნდათ მთავარიდან გამოგონილ ფაქტებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. მათ მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით სურთ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბარი. ეს არის უკიდურესი ცინიზმი.

სამწუხაროდ, აღარ არსებობს იურიდიული მექანიზმები, აქ უკვე ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. სასამართლო სისტემა არ არსებობს, ეს მომართულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შურისძიებისთვის - შურისძიებისთვის იმიტომ, რომ მან დაასრულა კორუფცია, დაასრულა ორგანიზებული კრიმინალი, შურისძიებისთვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ის ებრძოდა ოკუპანტ რუსეთს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ქმედებების დამკვეთი არის პუტინი და ივანიშვილია ამაზე პასუხისმგებელი. რატი ბრეგაძისნაირი კაცუნები მხოლოდ შემსრულებლები არიან. პირველს მას უნდა მოეთხოვოს პასუხი“, - განაცხადა ბასილაიამ „მთავარ არხთან“.

ადვოკატი გლდანის ციხესთან მივიდა, თუმცა ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა ის ადგილზე შესვლას.