სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, რომელიც მან ექსპრეზიდენტისგან მოისმინა, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ამის შესახებ ღოღაძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე ცნობით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
„მას წინააღმდეგობის გაწევაზე არაფერი განუცხადებია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“, - განაცხადა მიხეილ ღოღაძემ.
სახალხოს დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მონტაჟი მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.