მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას შეატყობინეს, რომ კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და როდესაც გლდანის ციხეს მიუახლოვდა, უარი განაცხადა ადგილზე შესვლაზე. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ძალის გამოყენებით შეიყვანეს დაწესებულებაში.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, შესაბამისად, ის ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით დათანხმდა.
ლომჯარიამ გლდანის #18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ აქვს, თუმცა, ის ექიმებს არ გაუსინჯავთ, რადგან ამაზე უარი თქვა.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ #12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში.
მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს დაზიანებებთან დაკავშირებით გაესინჯა. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო დამენახა. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა, სჯობს, ექიმმა დაათვალიეროს. მისი განცხადებით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა ექიმებს, ეს დაადასტურეს ექიმებმაც“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ამ კომენტარის პარალელურად, იუსტისიის სამინისტრომ ტექსტი გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროვებენ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს“, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“.