ომბუდსმენი: პატიმრების შეძახილები გარეთ ნამდვილად ისმის, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ესმოდა პალატაშიც

ომბუდსმენი ადასტურებს, რომ პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის გლდანის ციხეში და ის გარეთ ნამდვილად ისმის.

ნინო ლომჯარიას თქმით, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, შეძახილები ასევე, ესმოდა პალატაშიც: „თუმცა, როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.

„კატეს აპარატი ჯერჯერობით დგას დერეფანში და აცხადებენ, რომ ეს დამონტაჟდება. ის მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების მიღებაზე, ის კონტაქტურია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.