რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს: მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გაეწიოს სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს.

დოკუმენტს ხელს აწერს 89 პარლამენტარი, მათ შორის არიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და მისი კოლეგები ფრაქციაში - ელიზავეტა იასკო, ელიზავეტა ბოგუტსკაია, ევგენია კრავჩუკი, ნიკიტა პოტურაევი, ელენა შულიაკი, მიხეილ რადუცკი, სიაში არიან ფრაქცია „გოლოსის“ ხელმძღვანელი იაროსლავ ჟელეზნიაკი და ამ პარტიის რამდენიმე სახალხო დეპუტატი, ასევე „ბატკივშჩინას" წარმომადგენლები.

რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, სასწრაფოდ გაეწიოს სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი საადვოკატო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს უკრაინაში მისი დაბრუნება.

„ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების მაღალი ფასი და დაუფიქრებლად მზად არიან მის დასაცავად, სიცოცხლის ფასად. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით“, - განაცხადეს დეპუტატებმა.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მის სიცოცხლეს ნამდვილად საფრთხე ემუქრებოდა. აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო საკონსულო-სამართლებრივი და შეუფერხებელი სამართლებრივი საადვოკატო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება“, - აღნიშნულია მიმართვაში.