იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მშობლის გადაწყვეტილებითა და თანხმობით, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო ჩარევისას, ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს, შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს და გაიკეთონ Pfizer-ის ვაქცინა.

აქამდე, 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრა იყო შესაძლებელი.

ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა18 წლის და ამ ასაკს გადაცილებულებს შეეძლებათ”.

პირს, რომელიც აცრილია Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს Sinopharm-ის და Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა.

Astrazeneca-თი ვაქცინირებულებს კი, 6 თვის შემდეგ „ბუსტერ“ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.

რაც შეეხებათ Pfizer-ის დოზით ვაქცინირებულებს, მათთვის კვლავ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული.

60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ.

ბუსტერ დოზის გაკეთება ხვალიდან უკვე შესაძლებელია.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.