ნიკა მელია ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: თუ ასე გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რასაც სანქციას ვუწოდებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ ის თემები ჩამოთვალა, რომლებზეც ამერიკელ მაღალჩინოსანს ესაუბრა. მისი თქმით, პრაქტიკულად არჩევნები არის გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას აქვს დაკარგული: „ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, გუშინდელ განხორციელებულ საარაკო სიგიჟეზე“, - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი.

„ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, გუშინდელი განხორციელებული საარაკო სიგიჟე, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ, მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. ეს პროცესები იქნება ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მტკიცე, განგრძობადი, იქნება ორგანიზებული, ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა.

ამ ყველაფერზე ძალიან გულახდილად ვესაუბრე. ვესაუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად არჩევნები არის გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას აქვს დაკარგული, რაც ძალიან ცუდია. ვცდილობდი, რომ საზოგადეობაში გამეღვივებინა იმედი, რომ არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ იქ, სადაც არც პროკურატურა არ არის პროკურატურა, იქ, სადაც არც სასამართლო არ არის სასამართლო, არც მართლსაჯულება არ არის მართლსაჯულება, არც ცესკო და ყველაფერი, რომ ერთ ადამიანს ექვემდებარება რაზეა საუბარი.

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რომ გვაქვს ოლიგარქიული თუ დემოკრატიული წესწყობილება, ორივე ერთად ვერ გექნება. ეს იყო ძალიან გულახდილი, მეგობრული საუბარი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ყველაფერს ხედავს, მკაფიოდ, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი მოვლენების შემდეგ ხედავს ფართო სურათს. ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაქცია და რეაგირება.

ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული, იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო, და არა პირიქით, წყალს წაეღო, ამას არავინ დაუშვებს. ისინი აუცილებლად დაუჭერენ დემოკრატიულ პროცესს მხარს. შეთანხმებული არის ცივილიზებული სამყარო და თუ მკაფიო განცხადებები გვაკლია, გაკეთდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ამ რეჟიმისთვის უმნიშვნელო არ არის რას იტყვიან ვაშინგტონში, ევროპის წამყვან დედაქალაქებში, ჯერჯერობით, არ არის უმნიშვნელო და ვიდრე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, შესაბამისი ქმედებები აუცილებელია. ამ ყველაფერზე მე პირადად მქონდა მეგობრებთან ერთად საუბარი. ასე გაგრძელდება, რეაქციაც და ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი.

შეუძლებელია, მთვარი სტრტეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი უყურებდეს საქართველოს და ხედავდეს როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში. რა თქმა უნდა, პერსონალურ სანქციებზე, ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდანაც იყო საუბარი და ვამბობ, თუ ასე გააგრძელებს და როგორც ჩანს, გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს. ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება. ვიდრე არ დაბრუნება მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა დაცული“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

პოლიტიკოსების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდება.

ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ მართლმსაჯულების საკითხზე და ასევე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე.

„ეს შეხვედრა როცა დაიგეგმა, ჯერჯერობით არ იყო მომხდარი ის, რაც გუშინ მოხდა. ძირითადი ინტერესი, რომელიც ჩვენს სტუმარს ჰქონდა და და რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, ვისაუბრებთ მართლმსაჯულების პრობლემებზე, ასევე, რა თქმა უნდა, დაველოდებით იმ შეკითხვებს, რომელიც ექნება სტუმარს იმ ფაქტებზე, რაც გუშინ მოხდა“, - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.