ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ექსპრეზიდენტის საქმე მკაფიო მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საშუალება, რომ სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლოს. ამის შესახებ ეკა გიგაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, იყო თუ არა საუბარი მართლმსაჯულების პრობლემების კონტექსტში სააკაშვილის საქმეზეც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ექსპრეზიდენტის საკითხი ამის ერთ-ერთი მაგალითია.

მისი შეფასებით, სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები.

„ეს რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა იცით, რომ სხვა საქმეებიც არის“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, საუბრის ძირითადი თემა სასამართლოში არსებული კლანი იყო.

„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ზუსტად ის, რომ შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი, რომ მიზნობრივი სანქციები იყოს გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მისამართით. ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კლანის ქმედებებს სასამართლოს სისტემაში“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.