ადვოკატი: ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ

"საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებული არიან სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხშია", - განაცხადა ადვოკატმა.