საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის შესახებ მორიგი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა

საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის შესახებ მორიგი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. სამთავრობო მოლაპარაკებების დასრულებისთანავე საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ფინანსური თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების სფეროში 5,24 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაზე დაიდო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ამ შეთანხმებით შესაძლებელი გახდება ბიომრავალფეროვნების დაცვისათვის განკუთვნილი დაახლოებით 24 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელება.

"ამ მწვანე პაკეტის განხორციელებას დაასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის განსაკუთრებული, 40 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც გამოეყო კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) სამხრეთ კავკასიაში ბუნების დაცვისათვის. ამ თანხის მეშვეობით მხოლოდ საქართველოში ფინანსდება 12 დაცული ტერიტორია და შესაძლებელია, მათ რიცხვს კიდევ სხვა ტერიტორიებიც დაემატოს, რადგან კიდევ იგეგმება ხუთამდე დაცული ტერიტორიის შექმნა.

შესაბამის ხელშეკრულებას გასულ კვირას ხელი მოაწერეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა და CNF-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა თობიას მიუნხმაიერმა.ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ცენტრალურ სფეროშიც, რომელიც ეხება „ენერგიას“, არსებულ პაკეტს დაემატა გაღრმავებული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს საპილოტე პროქტის შექმნას ახალ, მწვანე წყალბადის სფეროში. KfW-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დაგეგმარების კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა საპილოტე პროექტისათვის. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საჯაროს სკოლებში ენერგოეფექტურობის პროგრამის განსახორციელებლად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.