მარინა კალიურანდი: მინდა, მხარეებს თანამშრომლობისკენ მოვუწოდო. შეწყვიტეთ პოლარიზაცია

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებულ ვებინარზე გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ საქართველოში ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა, ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს დემოკრატიის მხარეს არიან, რაც, ევროპარლამენტარის განმარტებით, ასევე ნიშნავს იმას, რომ ისინი ასევე იქნებიან ოპოზიციის ხმა, თუ ეს საჭირო გახდება.

„მე მქონდა შანსი ვყოფილიყავი ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტიდან და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპარლამენტი არჩევნების ორივე ტურში იღებდა მონაწილეობას, ამან აჩვენა ძალიან ღრმა დაინტერესება, ასევე პასუხისმგებლობა და ჩართულობა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

დიახ, არჩევნები საქართველოში მთლიანობაში შეფასებულ იქნა როგორც კონკრეტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები? და უნდა იყოს თუ არა შემდეგი არჩევნები ჩატარებული უკეთესი ფორმით, ვიდრე ეს უბრალოდ კონკურენტული და კარგად ორგანიზებულია?!

არჩევნები დასრულებულია და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და უკანასკნელი წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური არეულობა უნდა იყოს დაძლეული. ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას. საქართველოს სჭირდება მუშა პარლამენტი, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პლენარული სესიები არ იქნება ბოიკოტირებული, სადაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ იქნება ბოიკოტირებული; სადაც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი, იქნება ძლიერი და აქტიური. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ევროპარლამენტარები, თვალს ვადევნებთ დისკუსიებსა და მოვლენების განვითარებას საქართველოს პარლამენტში.

თუ ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა, ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, გვენდეთ, ჩვენ აქ ვართ, საქართველოს დემოკრატიის მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება პარლამენტში და ჩვენ, ასევე, ვიქნებით ოპოზიციის ხმა თუ ეს საჭირო გახდება.

მაგრამ მე მინდა, მოვუწოდო მხარეებს თანამშრომლობისკენ საქართველოს პარლამენტში და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ. იმდენი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სჭირდება, დაწყებული კოვიდპანდემიიდან, ეკონომიკური გაჯანსაღება, დემოკრატიული რეფორმები. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა და უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ბრალდებები“, - განაცხადა კალიურანდმა.