ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია - დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.
`ორი რამ, რაც თბილისში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სტუმრობის დროს, ადამიანებისგან მოვისმინე, არის ის, თუ როგორ უნდათ მათ, იყვნენ ევროპის ნაწილნი და დაუახლოვდნენ მას. ევროკავშირისკენ მისწრაფება ქართველ ხალხში ძალიან მტკიცეა. ეს უნდა იყოს მანტრა, პოლიტიკური სურვილი ქართველი პოლიტიკოსების. მეორე, რაც მოვისმინე, ეს იყო კოალიციის შექმნის სურვილი.
მე არ მინდა, ჩავერიო საქართველოს შიდა საქმეებში, მე არ მაქვს ძალაუფლება, შესაძლებლობები, მაგრამ პოლიტიკოსებისგან მოვისმინე თანამშრომლობის და კოალიციის შექმნის საჭიროების შესახებ. მე ეს მოვისმინე ბევრი პოლიტიკოსისგან, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული სხვა პოლიტიკოსებით.
რაც შეეხება ევროკავშირის ჩართულობას, მისი ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში იყო მაქსიმალურად ღრმა და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პერსონალური ჩართულობა, რადგან როგორც წესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამას არ აკეთებს.
მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. როდესაც არის კითხვა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა, მას შეუძლია შუამავლობა, ევროკავშირს შეუძლია საუკეთესო გაკვეთილების გაზიარება, ევროკავშირს შეუძლია დახმარება, მაგრამ მას არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც საქართველოშია, ამიტომ მინდა გავიმეორო, დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ.
ეს არ არის მარტივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებში, ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და გახდეს პრიორიტეტი.
ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, დავიწყოთ ჟან მონეს დიალოგით, ჩვენ გვექნება ამაზე განხილვები მომავალ კვირებში. თუ ეს დიალოგი დაიწყება, ის თავს მოუყრის საკითხებს, ეს არის ფასილიტაცია, მედიაცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ამას განვაგრძობთ, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. ასე რომ, დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთად გადაჭრან რეალური პრობლემები და აჩვენონ, რომ ისინი არიან ერთიანი ევროკავშირისკენ სწრაფვასა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მე ასევე ველოდები ასოცირების კომიტეტის შეხვედრას ჩემს ქართველ კოლეგებთან, ვშიშობ, ეს წელს არ მოხდება, მაგრამ ეს იქნება შანსი, განვიხილოთ მთავარი საკითხები.
და ჩემი საბოლოო კომენტარი - ევროპარლამენტის წევრები არიან თავისუფლები თქვან ის, რაც მათ სურთ და რაც მათ სწორად მიაჩნიათ და ყოველთვის არ ხდება, როდესაც ევროპარლამენტის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე პოზიციას. ის რაც მოხდა ზაფხულში, უნიკალურია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა გუნდმა გაიზიარა ერთიდაიგივე პოზიცია და მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს. შეერთებოდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა პარტია, რომელიც შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, მას მოუწოდა, რომ არ მოეხდინა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პროვოცირება. დიახ, ჩვენ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ერთი რაღაც არის რაც გვაერთიანებს, ეს არის ქართველი ხალხისა და ქართველი ერის ინტერესი“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.