რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "თავისუფლება მიშას" დასრულდა.
აქციის ლიდერების განცხადებით, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე თბილისში, საპროტესტო აქციები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "ბრძოლა იქნება დამღლელი".
მისივე განცხადებით, ხვალ დილიდან, 11:00 საათზე, სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან.
„ღამისთევა და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო. დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს და არა ღამისთევით რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ იუსტიციის სამინისტროსთან აქცია დღესაც გამართა. მათ მოთხოვნებშია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში, მისი გათავისუფლება და ახალი არჩევნები.