სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლი: მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხდა, ვინაიდან, კოვიდრეგულაციების გამო, სააკაშვილსა და ადვოკატებს, გამომძიებლებს შორის ბარიერი იყო.

როგორც გამომძიებელი აცხადებს, ახლა უკვე კონსულტაცია მიმდინარეობს პენიტენციურ დაწესებულებასთან და ადვოკატებთან, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სააკაშვილის გამოკითხვა.

„მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, როგორც ეს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს და რა ფაქტობრივი მოცემულობაც ჩვენ ადგილზე დაგვხვდა როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. გამოძიება მზად იყო ამ ფორმითაც ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა და გამოკითხვა მეტად კომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფორმითაც მზად იყო გამოძიება ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა“, - განაცხადა მიქელაძემ.