კვიპროსის პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე ვისაუბრეთ

კვიპროსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილს ნიკოს ანასტასიადისმა უმასპინძლა. მისი განცხადებით, კვიპროს-საქართველოს ძალიან დიდხნიანი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე რელიგიურ და კულტურულ სფეროებში.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, რაც საშუალებას მაძლევს დაგიბრუნოთ ის გულითადი მასპინძლობა თქვენც და თქვენს დელეგაციასაც, როგორიც მე გამიწიეთ 2019 წლის აპრილში. ეს ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ ვიზიტად, რადგან ეს იყო კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჩვენს საერთო მცდელობაში გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ისტორიულია თქვენი ვიზიტი, რამეთუ ის წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს კვიპროსზე.

კვიპროს-საქართველოს ძალიან დიდხნიანი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე რელიგიურ და კულტურულ სფეროებში. დამახასიათებელია, რომ ქართული საზოგადოება ერთ-ერთი უძველესი მართმადიდებლური საზოგადოებაა ჩვენს კუნძულზე, რასაც მოწმობს მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელიც ქართული კულტურის ძლიერ ცენტრს წარმოადგენს.

ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ ქართული საზოგადოების მოღვაწეობას კუნძულზე, რომელიც დაახლოებით, 2000 ადამიანს წარმოადგენს, სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადაეცა ამ მონასტრის გარშემო მიწის ის ნაკვეთი, რათა აქ აღიმართოს სამონასტრო კომპლექსი, რომ ქართველებმა რელიგიური მსახურება შეძლონ.

ქალბატონ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ჩვენი შეხედულებები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, იმ ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების შესახებ, რომელთა თაობაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ეს არის შეთანხმებები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ცირკულარული მიგრაცია, ასევე, აკადემიური ხარისხების გაცვლა და ცნობა და ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ასევე, უმნიშვნელოვანესია სწორედ ის ბიზნეს შეთანხმებები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე. დღეს ვისაუბრეთ ძალიან ფართო თემებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს.

ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე კვიპროსის რესპუბლიკის მხარდაჭერა, რომელიც თბილისისა და ბრუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობას შეეხება“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.