მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე იმართება

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

პროცესს წინ უძღვის პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, „შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით, 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, რომ მზად არიან, არ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში, თუ ის გადაჰყავთ სასამართლო პროცესზე და არ დააბრკოლებდნენ ამ პროცესს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.