საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.

ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ზურაბ და შალვა წოწორიების, გიორგი ნარიმანიძის უფლებადამცველიც დაკავებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა, თანხის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს ანდო.

ამავე საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა და წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.