საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს“.
„პირველ რიგში, აღსანიშნავია, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და პირველად, დედოფლისწყაროს ისტორიაში, მთელ მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალი. გარდა ამისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშა, იქნება ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გამოსწორება, თუ სხვა იმ საჭიროებებისა და პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, - აღნიშნა დედოფლისწყაროს მერმა.
თავის მხრივ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ და სწორედ ამ გეგმებზე ვისაუბრეთ. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ იმ პროექტებსაც, რომლებზეც იყო საუბარი, მაგალითად რუსთავში ვაპირებთ მედიათეკის მშენებლობას, ახალი რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. აუცილებელია, რომ მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე ორიენტირებული, უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური გახდეს. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, გარდაბნის მერი დარწმუნებულია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გაუმკლავდებიან.
„გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორცილდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას. სამუშაოების შესრულების შემდეგ 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის განხორციელების ვადა 18 თვეა“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.
ლაგოდეხის მერის თქმით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საგანმანათლებლო ობიექტების მოწესრიგება.
„სწორედ ეს არის ჩვენი სამომავლო 4 წლიანი გეგმა. კონკრეტულად, ლაგოდეხში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების შექმნა და რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებზე მორგებული სოციალური პოლიტიკა, ასევე ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება. ეს არის ის მესიჯები, რაც მივიღეთ. ადამიანი არის ჩვენი პრიორიტეტი და მოქალაქე არის ჩვენი საზრუნავი“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის ხელმძღვანელმა მერებს პირადი და ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა.