ნიკა მელია დაკავებებზე: ესაა ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს

"ესაა ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციის აქციებზე 40-ზე მეტი მოქალაქის დაკავებას.

მელიას შეფასებით, ხელისუფლება შეშინებულია და ძალის იმედადაა დარჩენილი.

"დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ! აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ", - წერს მელია.

აქციების დასრულების შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. აღსანიშნავია, თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ.