მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები: მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ვითხოვთ

7 ნოემბრის საქმეზე, ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის: ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ.

ამასთან, ადვოკატები სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, მათ შორის ონლაინ ჩართვის ფორმით ითხოვდნენ.

„მაზე მეტად ღირსება რამ უნდა შეგილახოთ? ღირსებას ბრალდებულის ცარიელი სკამი გილახავთ. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.