გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ცნობით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავენ. გამოკითხვას სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაესწრება. დღესვე დანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა, უნდა მოხდეს სხეულის გარეგანი დათვალიერება. ექსპერტიზას, სააკაშვილის მოწვევით მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე დაესწრება.

გიორგი მიქელაძის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილი სამოსის ნივთმტკიცების სახით ამოღება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ამის შესახებ სააკაშვილი გამოკითხვის ოქმში დააფიქსირებს პოზიციას.

„ტანისამოსის ამოღება უნდა განხორციელდეს, თუ ის დააფიქსირებს აღნიშნულის თაობაზე გამოკითხვის ოქმში. თუ განაცხადებს იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ამ ტანსაცმელთან მიმართებით, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება ნივთმტკიცების სახით. რაც შეეხება მისი დათვალიერების ოქმს, ის გამოთხოვილია გამოძიების დაწყების დღესვე - ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

„დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, ისეთი ფორმით გამოკითხვა, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული.

ამ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.