აშშ-ის საზღვაო ხომალდებმა „მაუნთ უიტნი“ და „პორტერი“ ბათუმის პორტი დატოვეს. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ.
„ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, აღგვენიშნა საქართველოს შესანიშნავი პარტნიორობა NATO-სთან წარსული წარმატებების ხაზგასმითა და ნათელი მომავლის მოლოდინით, რომელიც დაფუძნებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის მტკიცე კავშირებზე“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.
ამერიკის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას NATO-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.
USS Mount Whitney ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
„ეს არის კონკრეტული მაგალითი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა, რომელიც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაამყარეს.
ეს არ არის მხოლოდ თავსებადობისა და ერთობლივი კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რეგიონისადმი ჩვენი ერთგულების და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის ნიშანი.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა არის ჩვენი პარტნიორობის მთავარი საყრდენი და ვფიქრობ, ეს არის ალბათ საუკეთესო მაგალითი, რამდენად ზრუნავს შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე“, - განუცხადა ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.