მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაშია

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

მან მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლოს ეს შეზღუდვა არ გაუუქმებია.

„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა დღეს გაუქმდა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ისარგებლებს.