ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

15 ნოემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პარტიორობის განვითარების და მოსახლეობამდე სარგებლის მიტანის გზებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მმართველობისა და ინვესტიციების საკითხს, ასევე პარტნიორობის მდგრადობის გაძლიერებას, აღდგენასა და რეფორმებს.

ცნობისთვის, ბრიუსელში 15 დეკემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება.

ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტის გაცემასა და რეგიონის სტრატეგიული პროექტებისთვის 17 მილიარდ ევრომდე კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. გეგმა საქართველოსთვის 3.9 მილიარდი ევროს საინვესტიციო რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რომლიდანაც 1.175 მილიარდი ევრო გრანტის სახით გაიცემა.