ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია გააფორმეს

აშშ-ში ვიზიტით მყოფი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ახალ ქარტიას მოაწერეს ხელი.

დმიტრო კულებას თქმით, ეს ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

"დღეს ვაშინგტონში შევხვდი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რათა ახალი სიცოცხლე შევძინოთ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას ახალ ქარტიაზე ხელმოწერით. მყარ საფუძველს ვუქმნით ჩვენს საერთო მომავალს, რასაც მე ოპტიმისტურად ვუყურებ. ვიცავთ რა ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აშშ უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ახალი ქარტია უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და კანონის უზენაესობის საფუძველს ქმნის.

"მივესალმები შესაძლებლობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომავალ ქარტიას ჩავუყაროთ საფუძველი, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას ასახავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC) ახალი ქარტიით, აშშ და უკრაინამიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ კოორდინირებულ თანამშრომლობას.

„სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC)ახალი ქარტიით, შეერთებული შტატები და უკრაინა მიზნად ისახავენ, განაგრძონ SPC-ის გამოყენება ჩვენი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის, რომელიც ორმხრივი პრიორიტეტების წინსვლას მოემსახურება და რომლებიც ჩამოყალიბებულია აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პირველი სექტემბრის ერთობლივ განცხადებაში.

განახლებული ქარტია ასახავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად. ახალი ქარტია, სხვა საკითხებთან ერთად ეხება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთის აგრესიისგან მომდინარეობს “, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა 2008 წელს დაიწყო. ვაშინგტონის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი შეერთებული შტატებისა და უკრაინის თანამშრომლობაში, რომელიც საერთო პრიორიტეტების მთელ სპექტრს მოიცავს.

აშშ აცხადებს, რომ ცამეტი წლის შემდეგ, აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობა გაძლიერდა და მომწიფდა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ქარტიის განახლება და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლა 21-ე საუკუნის გამოწვევების გადასაჭრელად.