გიორგი ვაშაძე: თუ "ნაციონალური მოძრაობა" პირობას დაარღვევს, მე მივალ და დავშლი აქციას

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ნორმალურ კლინიკაში, ამ შემთხვევაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა აიღოს ვალდებულება, რომ აქციები მაინცდამაინც აღნიშნულ საავადმყოფოსთან არ გაიმართება.

მისივე თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პირობას დაარღვევს, მაშინ აქციებს თავად დაშლის.

"თუ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ნორმალურ კლინიკაში, ამ შემთხვევაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღოს ვალდებულება, რომ არ გაიმართება აქციები მაინცდამაინც ამ საავადმყოფოსთან.

დაარღვევენ პირობას? მე მივალ და მე დავშლი, მე ვეტყვი იქ აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედანთქო.

თუ საჭირო გახდა და თუ კაცი კვდება ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, მზად ვარ მეთქი, კი ბატონო, არ არის პრობლემა, არ გამიჭირდება, მე, საერთოდ, ძალიან ვუფრთხილდები ჩემს პირობას და მზად ვარ, რომ მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა.

ხომ არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ბედნიერებას არ მოუტანს ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, უბედურებას მოუტანს, ღმერთმა დაიფაროს, ეს უნდა გავიაზროთ ყველამ", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გუშინ, განცხადება გაავრცელა.

როგორც პარტია აცხადებს, ექსპრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე, ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.