სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ცალ-ცალკე შეხვდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომლებიც პარიზში იმყოფებიან იუნესკოს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაზე დასასწრებად.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივი მოლაპარაკებების დასასრულს, ლე დრიანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გახსნა. ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით იმართება და მხარეებს მუწოდებს, განაგრძონ დისკუსიები, რომლებიც ნიუ-იორკში, 23 სექტემბერს დაიწყო.

ამ შეხვედრებზე ჟან-ივ ლე დრიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სურვილი, წვლილი შეიტანოს ორ მხარეს შორის დიალოგის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას რეგიონის ხალხების საკეთილდღეოდ.

მან ხაზი გაუსვა პარიზის გადაწყვეტილებას, განაგრძოს აქტიური მონაწილეობა ეუთოს მინსკის ჯგუფში ამ მიზნის მისაღწევად და დაადასტურა მზადყოფნა, ასევე განაგრძოს პოლიტიკური კონტაქტები ორივე მხარესთან.