ხატია დეკანოიძე: გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიან

"დღევანდელი კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილებისაა ეს ხელისუფლება", - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ მას არაადამიანურად ეპყრობიან.

„ამ კადრების გავრცელებით უშუალოდ დადასტურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, პრაქტიკულად ყველა ორგანო ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მოუწოდა, გაასაჯაროვეთ და მოგვწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ასეთი კადრებით უპასუხეს მათ ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.