აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის კომპრომისული ვერსია დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს.
„თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საკითხის გადასაჭრელად. ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტს სახელწოდებით „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, წარმომადგენელთა პალატის 335 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 78 წავიდა, ერთმა კი - თავი შეიკავა. ამის შემდეგ კანონპროექტის ვერსიას სენატმაც უნდა უყაროს კენჭი, ბოლოს კი ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება.
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის საერთო ოდენობა 740.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.