დიმიტრი საძაგლიშვილი ვიდეოკადრებზე: ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა

"ამ კადრების გავრცელებით, ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა #18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილმა მიმართოს შიმშილობაზე უფრო რთულ პროტესტის ფორმას.

„ის არის ძალიან კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რაც ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ გუშინ მიიღო. რაც შეეხება სასამართლოს მოწოდებას, რეალურად ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნას დაცული, ამისთვის სახელმწიფოს დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება და სააკაშვილის მიმართ იყო მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის მათი მიზანიც, თუმცა, დღეს ვნახეთ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ", - განაცხადა ადვოკატმა.