მამუკა მდინარაძე: ტყუილს დაესვა წერტილი. როგორ უნდა მოექცე პატიმარს, თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანო?

რატომ გაავრცელა იუსტიციის სამინსიტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები და მოსწონს თუ არა, როგორ ექცევიან პატიმარს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს დღეს ეს შეკითხვა დაუსვეს. დეპუტატი პასუხობს, რომ „ტყუილს დაესვა წერტილი“ იმ ვერსიაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა სააკაშვილისადმი არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებით.

მამუკა მდინარაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რიტორიკულ კითხვას სვამს: როგორ უნდა მოექცე პატიმარს, თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანო?!

„როგორ ექცევა სისტემა პატიმარს და, როგორც ვერ წარმოედგინა იმ კონკრეტულ პატიმარს. აბა როგორ უნდა მოექცე პატიმარს? თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანო?“, - უპასუხა მდინარაძემ „ტვპირველს“.

ცნობისთვის, გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა კადრები, სადაც „ნათლად ჩანს, რომ რეანიმობილი გაჩერებულია უშუალოდ №18 დაწესებულებასთან და არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც ამბობდა ერთ-ერთი ადვოკატი“

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანა მოხდა უშუალოდ №18 დაწესებულების კართან და იქ მას ვერავინ დაინახავდა. შესაბამისად, ის პატიმართა კორპუსთან არავის გაუტარებია. რატი ბრეგაძემ ასევე, აღნიშნა, რომ თავად სააკაშვილი არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და გაუწია მათ წინააღმდეგობა:

„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანიმობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი სააკაშვილი №18 დაწესებულებაში და ნათლად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მათ საერთოდ ვერავინ დაინახავდა.

მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეზე არის აგებული მთელი კამპანია. ეს, რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ. სწორედ ჩვენ ვიყავით, ხაზგასმით ვამბობ, ის ხალხი, რომელიც ზრუნავდა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ზრუნავს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც იზრუნებს. ჩვენი ინტერესი არის ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა. აქვე ვიტყვი ერთსაც - თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანიმობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჰყავდა 179 ვიზიტორი, ის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება ექიმების მხრიდან. შემოსახლებიდან ზუსტად ორ დღეში არასამუშაო საათებში დაუმზადდა საბანკო ბარათი.

„მას აქვს ტელევიზორი, და როდესაც ამოეწურა თანხა და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.