მსუბუქ პაციენტებში გართულებები, შესაძლოა, მეშვიდე-მერვე დღესაც დაიწყოს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსული ინფექციის დროს, გართულების კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკსა და თანხმლებ დაავადებას.
"აუცილებელია, კორონავირუსით ინფიცირებული ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც უსიმპტომო, იყოს ყურადღებით, თუმცა არ ჰქონდეს პანიკური შიში. ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკისაა და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობის და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც. თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, - განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.