პატრიარქი: გელა ჩარკვიანი მუდამ ხალისიანი იყო, სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა

გელა ჩარკვიანი მუდამ ხალისიანი იყო, სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა“, - ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ბატონი გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პიროვნებაა. ის თავისი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით როგორც ძველი, ისე ახალი თაობისათვის ყოველთვის მისაღები და ახლობელი იყო. მუდამ ხალისიანი სინამდვილეში დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა.

პუბლიცისტი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი. . . ბატონი გელა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო და შეიყვარა.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან შეიწყალოს იგი და სასუფეველი დაუმკვიდროს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები“.

გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი.

1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.

ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

გელა ჩარკვიანის ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მას მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.