უკრაინის სახალხო დამცველი გაეროს კომიტეტს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას შეფასებით, დღეს გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია მიხეილ სააკაშვილის წამება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა.

მისივე შეფასებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სასჯელაღსრულების სამსახურის არასათანადო საქციელით დაირღვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-7 მუხლი და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის 1-ლი მუხლი.

ის მოუწოდებს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტს და წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპულ კომიტეტს, რეაგირება მოახდინონ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების გამოყენებაზე, მისი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის დროს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოპყრობა განიხილება არაადამიანურად, როდესაც სისასტიკის მინიმალური დონეც კი მიღწეულია მსხვერპლის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ღირსების შემლახავია, თუ მისი მიზანი მსხვერპლში შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების გამოწვევა და ამით მისი დამცირებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი წამება ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი აკრძალულია საქმის გარემოებების ან მსხვერპლის ქცევის მიუხედავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.