საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.
„მე შემიძლია ვთქვა ძალიან ცხადად, რომ ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება რამენაირად ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი რამენაირად ემსახურება იმას, რაც უნდა იყოს ფოკუსში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა მათ შორის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებზე მიუთითებს, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი.