საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ნ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნ.ზ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა.