მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო

მიხეილ სააკაშვილის კადრები ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა?„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამ შეკითხვას მისივე ბრიფინგზე დღეს უპასუხა.

მამუკა მდინარაძე ორმაგი სტანდარტს უწოდებს, „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას „გვაიძულებენ“, პარალელურად, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან“.

„უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თვითონ ფორთხავს, აქ არავინ აფრთხილებდა, მიჰყავდათ, თვითონ როდესაც ფორთხავს აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა.

ორმაგი სტანდარტია, როცა მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, პარალელურად კი თვითონ მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება.

ახლა მოგვიწოდებენ, რომ დიდი პატივისცემითა და მორიდებით ვისაუბროთ სააკაშვილზე, როგორც სიმბოლოზე. მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო, ან მუსოლინი - იტალიის სიმბოლო [უტრირებული]. წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნით, იყოს საქართველოს სიმბოლო. ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, პარალელურად, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებზე მიუთითებს, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი.