NATO: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანურია. კრიზისზე  პასუხისმგებლობა ბელარუსს ეკისრება

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია.

„NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ.

ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 12 ნოემბერს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს ხელოვნურად შექმნილ კრიზისს და მის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ.

NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება.

ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მზარდი ნაკადის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა. პოლონეთი, ევროკავშირი და NATO აცხადებენ, რომ პრობლემის ორკესტრირებას ბალარუსი ახდენს. ევროკავშირის შეფასებით, ბელარუსის ავტორიტარული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბლოკის სანქციებზე შურისძიების მიზნით მიგრანტების შემოდინების პროვოცირებას ახდენს.